სუამ-ი - ამერიკის შეერთებული შტატები: ერთობლივი განცხადება

2006 წლის 22-23 მაისს, კიევში, უკრაინა, სუამ-ის წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები შეიკრიბნენ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეთერთმეტე სხდომასა და სუამ-ის სამიტზე დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით. აშშ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ ჯ. კრამერი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა «დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-- სუამ»-ის შექმნის იდეას, რომლის სამდივნო განთავსდება კიევში, და ორგანიზაციას შესაბამისი დახმარების გაწევა აღუთქვა. სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ითანამშრომლონ სუამ-ის რეგიონში დემოკრატიის გაძლიერების, უსაფრთხოების განმტკიცების და პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების სფეროში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიულოცა უკრაინას სუამ-ის თავმჯდომარე-ქვეყნად გახდომა და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სუამ-ის პროექტების განხორციელებასა და ორგანიზაციის მიერ რეგიონული თანამშრომლობისა და განვითარების მიზნის მიღწევაში.

მონაწილეებმა ისაუბრეს სუამ-აშშ დიალოგის ამჟამინდელ მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ და კმაყოფილებით აღნიშნეს სუამ-აშშ-ს ჩარჩო პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. ეს პროგრესი წარმოადგენს იმ ოთხწლიანი თანამშრომლობის შედეგს, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ მიმართული კონკრეტული მრავალმხრივი პროექტების შემუშავებას. 2005 წლის სექტემბრიდან სუამ-ის ქვეყნებმა დაასრულეს თავიანთ ქვეყნებში ვირტუალური ცენტრის უწყებათშორისი ოფისებისა და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო მართვის სისტემის შექმნა და აგრძელებენ რეგიონული მიზნობრივი ჯგუფის სტრუქტურის განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განხორციელებას სამართალდამცავ სფეროში. სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა შექმნეს ასევე ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მოსამზადებელი კომიტეტის სამდივნო და გააძლიერეს თანამშრომლობა ამ პროექტთან დაკავშირებით.

სუამ-ის მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ორგანიზაციისთვის ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის. ევრო-ატლანტიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა სუამ-ის სამიტის შემდეგ კიშინეუში 2005 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, ეფექტურად და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სუამ-აშშ ჩარჩო პროგრამის იმპლემენტაციას.

მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი განავითარონ კონსოლიდირებული ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გავრცელების აღკვეთის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა გლობალური გამოწვევების დაძლევის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. სუამ-ის წევრი სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე მდგარი ამ საერთო გამოწვევების დაძლევის გზების ერთობლივი ძიება სუამ-სა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატები მოწონებით შეხვდა სუამ-ის მიერ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას, რაც რეგიონულ და ევროპულ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის ეფექტური ინსტრუმენტი უნდა გახდეს. სუამ-ის სახელმწიფოებმა დაადასტურეს ინტერესი ევროკავშირთან, სხვა ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან საერთო დაინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, მათ შორის, ენერგორესურსების, განსაკუთრებით კასპიის ზღვის რესურსების, დივერსიფიცირების, ასევე ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სუამ-აშშ ჩარჩო პროგრამის პროექტების განხორციელების მიმართ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუამ-ის სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს სუამ-ევროკავშირისა და სუამ-ევროკავშირი-ამერიკის შეერთებული შტატების კონტექსტში დიალოგის გაგრძელების სურვილი.

მონაწილეებმა გამოთქვეს თანხმობა გააგრძელონ ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობა და ასევე შეისწავლონ ურთიერთქმედების ახალი სფეროები.

მათ გამოთქვეს თანხმობა, რომ შემდეგი სხდომა ჩატარდეს ნიუ-იორკში, 2006 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გენერალური დებატების მიმდინარეობისას.

კიევი, 2006 წლის 22-23 მაისი