დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი დეკლარაცია კონფლიქტების მოგვარების შესახებ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურები,
ხელმძღვანელობენ რა გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნებითა და პრინციპებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუძემდებელი დოკუმენტების დებულებებით, იალტის წესდებით და კიშინეუსა და კიევის სუამ-ის დეკლარაციებით,

ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და თავიანთ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიმართ,

აღნიშნავენ რა პან-ევროპული ინტეგრაციის პროცესებში სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული რეგიონული თანამშრომლობის მზარდ როლს,

ხასგასმით აღნიშნავენ რა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას,

კვლავ ადასტურებენ რა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების პატივსიცემის აუცილებლობას, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს წარმოადგენს,

კვლავ ადასტურებენ რა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივსცემის აუცილებლობას, იმ ხალხთა უფლებების ჩათვლით, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობებს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, შემწყნარებლობის განმტკიცებისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობისა და კულტურული ფასეულობების გამორკვევის მიზნით,

აღიარებენ რა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები და სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, აფერხებს რეგიონში ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და მდგრადი განვითარების მიღწევას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, უარყოფითად მოქმედებს ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე და წარმოადგენს გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხის გამო, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმის, ექსტრემიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მსგავსი საშიში მოვლენების შედეგად,

შეშფოთებულნი არიან კონფლიქტებისა და მათთან დაკავშირებული დესტრუქციული მოვლენების შედეგად ადამიანთა ხანგრძლივი ტანჯვის გამო,

მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება გაუწიონ კონფლიქტებისაგან დაზარებულ სახელმწიფოებს საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში,

კვლავ ადასტურებენ რა, რომ კონფლიქტების ძირითადი მიზეზები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშასადამე, აუცილებელია კონფლიქტების მოგვარების ყოვლისმომცველი, კომპლექსური და ეტაპობრივი მიდგომის შემუშავება,

აღიარებენ რა კონფლიქტების მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას და მოუწოდებენ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შემდგომშიც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სუამ-ის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების პროცესებს,

  1. აცხადებენ, რომ კონფლიქტების მოგვარება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე განხორციელდება ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, ხოლო კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს.

  2. ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არცერთი სახელმწიფოს ტერიტორია არ შეიძლება იყოს სამხედრო ოკუპაციისა ან მოპოვების სუბიექტი, საერთაშორისო სამართალის შესაბამისი ნორმების დარღვევით და მუქარის ან ძალის გამოყენებით. ყოვალდ დაუშვებელია მოპოვებული ტერიტორიების და თვითგამოცხადებული ტერიტორიული ერთეულების კანონიერად აღიარება.

  3. ხაზს უსვამენ სახელმწიფოთა ვალდებულებებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის და სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან ნებისმიერი სხვა ზეწოლის გამოუყენებლობის შესახებ.

  4. ხაზს უსვამენ სეპარატიზმისა და დისინტეგრაციის დამღუპველ ხასიათს, ძალის გამოყენების, ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიების მიტაცების პრაქტიკასა და საყოველთაო და ევროპული ღირებულებების, მშვიდობის, დემოკრატიის, სტაბილურობისა და რეგიონული თანამშრომლობის პრინციპებისა და იდეალების შეუთავსებლობას.

  5. ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სუამ-ის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევათა კონსოლიდაციას თავიანთ ტერიტორიებზე კონფლიქტების მოგვარების მიზნით, რაც განხორციელდება არაკონტროლირებადი ტერიტორიების სახელმწიფოებთან, რომელთა ნაწილს ისინი წარმოადგენენ, რეინტეგრაციის გზით, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ამ ტერიტორიებზე განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და თითოეული მხარის სასარგებლოდ კომუნიკაციების გამოყენების გზით.

  6. ხაზგასმით აღნიშნავენ კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციის და ამ ზონებში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას, გაეროს ან ეუთოს ეგიდით განლაგებული მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების დახმარებითYმოსახლეობის დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფის მიზნით.

  7. სწამთ, რომ ავტონომიის სტატუსი იმ საზოგადოებისა, რომელიც შედგება არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობისაგან, უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია მათი უფლებების დასაცავად მიიღონ თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო საქმეებში, ყველა დონის ლეგიტიმური რეგიონული ხელისუფლების ფომრაციის მეშვეობის ჩათვლით, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონიერი და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში.

  8. მიესალმებიან საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას და ხაზს უსვამენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევის მნიშვნელობას, ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისიწნებით, კონფლიქტების მოგვარების ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული სტრატეგიის განვითარებასა და განხორციელებაში, მოკლე და გრძლევადიანი გეგმების ჩათვლით, რომლებიც მიზნად ისახავენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიღწევას და შენარჩუნებას.

  9. დაავალეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეიმუშაონ კონკრეტული ზომები მოცემული დეკლარაციის დებულებების განხორციელების მიზნით.