სუამ-ის სამიტის კომუნიკე

კიევი, 2006 წლის 23 მაისი

2006 წლის 23 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის სამიტში კიევში (უკრაინა). სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინეთის, ყაზახეთისა და აშშ-ის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ეუთო-ს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დიპლომატიური მისიების მაღალი დონის წარმომადგენლები.

სახელმწიფო მეთაურებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინს სუამ-ის წარმატებული თავმჯდომარეობისთვის. სამიტის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარეობა გადაეცა უკრაინას.

სუამ-ის სახელმწიფო მეთაურებმა მიმოიხილეს 2005 წლის კიშინეუს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები რეგიონში დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფის კონტექსტში, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება.

სუამ-ის სახელმწიფო მეთაურებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ გასულ წელს შეიქმნა აუცილებელი მექანიზმები წარმატებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, რამაც ხელი შეუწყო სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. მათ კვლავ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების გადაწყვეტილება მიიღონ თანმიმდევრული და კონსოლიდირებული ზომები კიშინეუს დეკლარაციის «დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარების სახელით» გადაწყვეტილებების განხორციელების მიზნით.

სახელმწიფო მეთაურებმა აღნიშნეს სუამ-ის საპარლამეტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მაღალი დონე და მოუწოდეს ასამბლეას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დემოკრატიისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია - სუამ-ის ინსტიტუციონალურ კონსოლიდაციაში.

მათ აღნიშნეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოების მდივნების რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობისათვის წინადადებების მომზადების მიზნით.

სამიტის მონაწილეებმა საგანგებო ყურადღება დაუთმეს თანამედროვეობის გამოწვევებსა და საფრთხეებს, კერძოდ, საერთაშორისო ტერორიზმს, აგრესიულ სეპარატიზმსა და ექსტრემიზმს და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს.

აღინიშნა, რომ ეს საფრთხეები ისევე, როგორც გადაუწყვეტელი კონფლიქტები და უცხოური ჯარების და შეიარაღების ყოფნა სუამ-ის სახელმწიფოების ტერიტორიაზე აღიარებულია, როგორც მთავარი წინაღობა რეგიონში სრულმასშტაბიანი დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სუამ-ის სახელმწიფოების ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესები კიშინეუს სამიტის შემდეგ.

მათ აღნიშნეს პოზიტიური ცვლილებები დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ეტაპობრივი გეგმის «გადაწყვეტა დემოკრატიის გზით» განხორციელებაში, რომლის პრეზენტაცია. მოხდა კიშინეუს სამიტზე, მოლაპარაკებათა პროცესში აშშ-სა და ევროკავშირის მონაწილეობის ჩათვლით. მათ დადებითად შეაფასეს ევროკავშირის მისიის საქმიანობა უკრაინა-მოლდოვას სახელმწიფო საზღვრის აღჭურვაში დახმარებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მეთაურებმა მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გეგმის განხორციელების აუცილებლობა, რომელიც წარმოადგინა საქართველომ და მხარი დაუჭირა ეუთო-ს მინისტრთა საბჭომ ლუბლიანაში 2005 წლის 5 დეკემბერს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებები რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა და შეიარაღების ტრანზიტის ვადების შესახებ.

სახელმწიფო მეთაურებმა მოუწოდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების და ამ კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ ლისაბონის სამიტზე მიღებული პრინციპების შესრულებისკენ. გამოითქვა იმედი, რომ ეფექტურად გაგრძელდება მოლაპარაკებათა პროცესი, რომელიც ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს ეფუძნება.

სახელმწიფო მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება გააღრმაონ თანამშრომლობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესის გააქტიურების მიზნით და მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ამ საკითხების შესახებ.

სამიტის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის მაღალ დონეს ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის და სხვა მსგავსი საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი მიესალმნენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ...სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივ განცხადებას, რომელიც მიღებულ იქნა 2006 წლის 22 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ასევე მიესალმნენ სუამ-ის სახელმწიფოების სასაზღვრო სამსახურების ოპერატიულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ოქმის ხელმოწერას სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების მიერ.

სახელმწიფოს მეთაურები მიესალმნენ ვაჭრობისა და ტრანსპორტის წახალისების პროექტის, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და საინფორმაციო მენეჯმენტის სახელმწიფოთაშორისი სისტემის პროექტის განხორციელების დაწყებას. პროექტი ხორციელდება მრჩეველთა ევროატლანტიკური ჯგუფისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივის ცენტრის მხარდაჭერით. ისინი აგრეთვე მიესალმნენ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების განხორციელების დაწყებას.

სახელმწიფო მეთაურებმა გამოხატეს მადლიერება აშშ-ის მთავრობის მიმართ აღნიშნული პროექტებისა და სუამ-ის სხვა პროგრამების განხორციელების ეფექტიანი მხარდაჭერისათვის. ისინი მიესალმნენ სუამ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებას და აღნიშნეს თანაქმედების აუცილებლობა ამ პროექტების განხორციელებაში.

აღინიშნა ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა სუამ-სა და ევროკავშირს შორის, ასევე რეგიონალურ ორგანიზაციებთან, პროგრამებსა და ინიციატივებთან, როგორებიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტი, ვიშეგრადის ჯგუფი, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივა და სხვა.

ხაზგასმით აღინიშნა სუამ-ის სახელმწიფოების შემდეგომი თანამშრომლობა გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში და ამ გამოცდილების გამოყენება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისინი მიესალმნენ გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობისთვის სუამ-ის სამოქმედო გეგმის მიღებას.

სახელმწიფო მეთაურებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდების გაცვლის, ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. ისინი ასევე მიესალმნენ სუამ-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას დიპლომატიური წარმომადგენლების სწავლების შესახებ.

კიშინიეუს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სუამ-ის სახელმწიფოს მეთაურებმა გამოაცხადეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნის შესახებ და ხელი მოაწერეს მის წესდებას.

სახელმწიფო მეთაურებმა გამოხატეს რწმენა, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნა უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას და ხელს შეუწყობს წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მომავალი ორგანიზაციის პრიორიტეტები იქნება დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმთან, აგრესიულ სეპარატიზმთან, ექსტრემიზმსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, მდგრადი განვითარება და მათი ხალხის კეთილდღეობა.

სახელმწიფო მეთარებმა კონკრეტულად აღნიშნეს, რომ სუამი ღია ორგანიზაციაა და რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც იზიარებს მის მიზნებსა და პრინციპებს, შეუძლია შეუერთდეს მას. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება დაინტერესებულ სახელმწიფოებთა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სუამ-ის პარტნიორობის შესახებ და დაამტკიცეს შესაბამისი დებულებები.