კიევის დეკლარაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის შექმნის შესახებ

აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურები,

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით, გაეროს წესდების დებულებებით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუძემდებელი დოკუმენტებით და, ასევე, იალტის წესდებით და კიშინეუში მიღებული სუამ-ის დეკლარაციით,

კვლავ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის მიმართ სრულ პატივისცემას, როგორც საგარეო, ასევე შინაგან საქმეებში, აგრეთვე თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მიმართ,

ხაზს უსვამენ საერთო სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის დააჩქარების მიმართ,

გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას ხანგრძლივი კონფლიქტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხის გამო, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის და სხვა მსგავსი ნეგატიური მოვლენების შედეგად,

კვლავ ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებებს წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე,

გაზგასმით აღნიშნავენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თავიანთი ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობის გაზრდის მიზნით,

მაღალ შეფასებას აძლევენ თავიანთი სახელმწიფოების ხალხის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას და დაინტერებულნი არიან განავითარონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდათა გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში,

ხაზს უსვამენ პან-ევროპულ პროცესებში რეგიონული თანამშრომლობის მზარდ როლს;

  • აცხადებენ საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის - "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის" (შემდგომში სუამ-ად წოდებული) შექმნის შესახებ, რომლის სამდივნო კიევში განთავსდება.

  • ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სუამ-ის საქმიანობის მიზანია დემოკრატიის გაფართოება, კანონის უზენაესობა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

  • კვლავ ადასტურებენ თავიანთი საქმიანობის გაფართოების აუცილებლობას სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დინამიკური ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანხმობის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის გზით.

  • გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ სუამ-ის რიგ ქვეყნებში იმ გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას და აფერხებს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესებზე და წარმოადგენს გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

  • გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას შემდგომშიც გააფართოვონ თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, აგრესიულ სეპარატიზმთან, ასევე სხვა მსგავს უარყოფით მოვლენებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • მხარს უჭერენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში და აცხადებენ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების გამნხორიცლების დაწყების თაობაზე.

  • აცხადებენ, რომ დაუშვებელია ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება და ენერგობაზრის მონოპოლიზაცია, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას, მათ შორის ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონებიდან ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების ტრანსპორტირების გზების გამრავალფეროვნების მეშვეობით.

  • მხარს უჭერენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საერთაშორისო სატრანზიტო გამტარობის სრულ გამოყენებას ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

  • გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას გააღრმავონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდათა გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში.

  • კვლავ ადასტურებენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების სწრაფვას გააფართოონ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი და გააღრმავონ ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან.

  • ხაზს უსვამენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას შემდგომშიც განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სხვა სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

  • აცხადებენ, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანოზაცია - სუამი ღიაა სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მათ მიზნებსა და პრინციპებს იზიარებენ.