სუამ-ის ვილნიუსის სამიტის განცხადება

ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტები, პარტნიორი სახელმწიფოების, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებთან ერთად, შევიკრიბეთ დღეს, რათა საზეიმოდ აღვნიშნოთ სუამ-ის შექმნის მე-10 წლისთავი. 1997 წლის 10 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნების მეთაურებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესს. ეს შორსმჭვრეტელური ნაბიჯი განპირობებული იყო იმ გამოწვევათა და საფრთხეების მსგავსებით, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ ჩვენი ქვეყნები და ეყრდნობოდა არსებული პრობლემების ქმედითი გადაჭრისადმი ერთიან მიდგომებს.

ჩვენ სიამაყით ვახდენთ იმის კონსტატაციას, რომ, სუამ-მა, რომელიც ერთგვარად მოაზროვნე სახელმწიფოთა ბუნებრივ და ნებაყოფილობით გაერთიანებას წარმოადგენს, წარმატებით დაძლია სხვადასხვა განსაცდელი და დაამტკიცა თავისი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო და პრაქტიკული მნიშვნელობა. სუამ-ის ეფექტურობას ადასტურებს მის წევრ ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდა. 10 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფი გადაიქცა სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ მკაფიო იდენტურობით. ეფექტურად იყენებდა რა ფორმატს „გუამ-ი +", ჩვენმა ორგანიზაციამ ბევრ სფეროში დაამყარა კარგი კოოპერატიული და ურთიერთსასარგებლო კავშირები პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანოებთან. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ევროპულ და აზიურ სახელმწიფოსთან და ორგანიზაციასთან აქტიური მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის, რომელიც ეფუძნება სუამ-ის პრინციპებსა და ღირებულებებს.

ვაპროექტებთ რა სუამ-ის სამომავლო პერსპექტივებს, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, შევიტანოთ აქტიური წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში ყველაზე უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზით. როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი ბუნებრივი სატრანსპორტო გზა, სუამ-ი კვლავ ითამაშებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ ინტეგრაციაში და ამგვარად გააერთიანებს კონტინენტებს. აერთიანებს რა სხვადასხვა კულტურული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, სუამ-ი ხელს უწყობს ცივილიზაციებს შორის დიალოგის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის განვითარებას, ცოდნისა და ურთიერთგაგების მეშვეობით ნერგავს ურთიერთპატივისცემას.

ჩვენ დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და ინტეგრაციის პროცესს ჯერ კიდევ ამძიმებს მრავალი გადაუჭრელი პრობლემა, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიებზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მოვალეობას, ვეძებოთ ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ აგრესიულ ნაციონალიზს, შეიარაღებულ სეპარატიზმსა და დეზინტეგრაციას არა აქვთ არავითარი მომავალი ჩვენს რეგიონში, რამდენადაც ისინი სრულიად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს, რომლებიც ქმნიან სუამ-ის თვით საფუძველს.

ამ საზეიმო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სუამ-ის შეუნელებელ ძალისხმევას, რომელიც კონსტრუქციულ როლს ითამაშებს სუამ-ის რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესებაში, მოშლის რა იმ ბარიერებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება ჩვენი ქვეყნების სრულმასშტაბური განვითარებისა და სუამ-ში თანამშრომლობის მიზნების მიღწევის გზაზე.