საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

  • სარჩევი
  • შესავალი
  • საქართველოს უსაფრთხოების გარემო
  • საქართველოს ეროვნული ღირებულებები
  • სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
  • თავისუფლება
  • დემოკრატია და კანონის უზენაესობა
  • უსაფრთხოება
  • კეთილდღეობა
  • მშვიდობა

საქართველოს ეროვნული ინტერესები

  1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა
  2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება
  3. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება
  4. ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება
  5. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  6. ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა
  7. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  8. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა
  9. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება
  10. საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  11. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის უზრუნველყოფა
  12. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება
  13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  14. დიასპორებთან ურთიერთობა

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

  1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები
  2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი
  3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა
  4. კავკასიაში არსებული კონფლიქტები
  5. საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული
  6. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები
  7. ენერგეტიკული გამოწვევები
  8. კიბერსაფრთხეები
  9. ეკოლოგიური გამოწვევები
  10. დემოგრაფიული გამოწვევები
  11. სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები
  12. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურება

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა
    1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია
    2. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა
  2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება
  3. ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება
  4. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება
  5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია
    1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება
    2. ევროკავშირში ინტეგრაცია
  6. თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში
  7. საგარეო კავშირების განმტკიცება
    1. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა
    2. უკრაინასთან თანამშრომლობა
    3. თურქეთთან თანამშრომლობა
    4. მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებთან თანამშრომლობა
    5. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმები
      1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო)
      2. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
      3. ევროპის საბჭო
  8. საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
  9. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა
  10. ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა
  11. განათლების პოლიტიკა
  12. სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა
  13. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა
  14. ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა
  15. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
  16. დემოგრაფიული პოლიტიკა
  17. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა
  18. დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო“, უზრუნველყონ „ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“, განამტკიცონ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა...“

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა

შესავალი

საქართველო მეორედ აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ასახავს წინა დოკუმენტის მიღების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გავლენას საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ კონცეფციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ასევე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც ამ კონცეფციის ცვლილებასთან ერთად განახლდება.

საქართველოს უსაფრთხოების გარემო

ბოლო წლებში მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება.

2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მათ შორის, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ გააუარესა მთელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. რეგიონში პროცესების მშვიდობიანი განვითარება და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოებისათვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს.

საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება.

საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

საერთაშორისო ვითარების მუდმივ ცვლასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიგა პოლიტიკური პროცესები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის რეფორმების გაგრძელების გზით განმტკიცება დადებითად მოქმედებს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობასა და გაძლიერებაზე.

ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, რაც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფართოდ დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მიიღწევა. ღია, პარტნიორული და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია.

საქართველოს ეროვნული ღირებულებები

სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა: საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებში, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მათგანაც იმავეს მოითხოვს. საქართველოსთვის მიუღებელია მისი სუვერენიტეტის შეზღუდვის, მათ შორის, თავისუფალი საგარეო-პოლიტიკური არჩევნის იძულებით შეცვლის და საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის ცდები.

თავისუფლება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტითა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები საქართველოს მიერ აღიარებული და გარანტირებულია მისი კონსტიტუციით. საქართველო უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პატივს სცემს მათი თავისუფალი არჩევნის უფლებას, უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას და ქმნის ხელსაყრელ გარემოს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისთვის. საქართველო აღიარებს, რომ ეკონომიკური თავისუფლება პიროვნების ყველა სხვა უფლებისა თუ თავისუფლების წინაპირობაა.

დემოკრატია და კანონის უზენაესობა: საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულია და მათ საფუძველზე ამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, რომელშიც ძალაუფლება კანონით არის შეზღუდული და განაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის. საქართველო უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პლურალიზმს და უმცირესობათა, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უფლებების დაცვას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

უსაფრთხოება: საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. მის უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით და მიაჩნია, რომ უსაფრთხოება განუყოფელია როგორც ქვეყანაში მოქალაქეთა ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო სისტემაში, რადგან ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება ვერ განმტკიცდება მეორის უსაფრთხოების შეზღუდვის ხარჯზე.

კეთილდღეობა: საქართველო აღიარებს, რომ კეთილდღეობისკენ სწრაფვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მისი მაქსიმალური რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საქართველო აყალიბებს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას, რაც გამოიხატება მცირე მთავრობის პრინციპით, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკით, დაბალი გადასახადებით და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებით.

მშვიდობა: საქართველოს მიზანია ყველა სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. სადავო საკითხების გადაწყვეტისას საქართველო ხელმძღვანელობს მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

საქართველოს ეროვნული ინტერესები

1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა: საქართველო მოწოდებულია, აღიდგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენებით.

2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება: საქართველო ქმნის სახელმწიფო მართვის ისეთ მოდელს, რომლითაც უზრუნველყოფილია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და განვითარება. საქართველოს მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის უფრო მეტად განმტკიცება.

3. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება: საქართველოს მიზანია, ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს განვითარებას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

4. ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება: საქართველო უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის იგი ხელს უწყობს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და, რასის, ენის, სქესის, რელიგიის, რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების განურჩევლად, ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტების გაღრმავება და მათი ინტეგრირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში.

5. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საქართველო ესწრაფვის, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განიმტკიცოს კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.

6. ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა: ეკონომიკის მაღალი ტემპით სტაბილური გრძელვადიანი ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის თავისუფალ განვითარებას, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, კაპიტალის მოზიდვისთვის საჭირო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, მცირე მთავრობის პრინციპის შენარჩუნებას, კონსერვატიული ფისკალური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებას.

7. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს პრიორიტეტია ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაციის გაგრძელება. თანაბრად მნიშვნელოვანია შიგა რესურსების მაქსიმალურად ათვისების, ენერგოსისტემის შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა და რეგიონულ ენერგოინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.

8. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა: საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე უშუალო გავლენას ახდენს ევროპაში, შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენა. ამ რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს ინტერესია. მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში საერთაშორისო თანამშრომლობით ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

9. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება: საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით იგი მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

10. საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა: გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან. საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებისას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

11. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის უზრუნველყოფა: საქართველოს პრიორიტეტია კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნება და განვითარება. მისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციას და ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვას. საქართველო ქმნის პირობებს ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

12. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება: საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოება და ელექტრონული ინფორმაციის დაცულობა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იზრდება მათზე სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულება. ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიბერდანაშაულთან ბრძოლას და კიბერსივრცეში დივერსიული აქტებისგან თავდაცვას.

13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების წახალისება და მათი შემდგომი რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია. დემოგრაფიულ უსაფრთხოებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ გრძელვადიან ზრდასთან.

14. დიასპორებთან ურთიერთობა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გამყარება, დიასპორების წარმომადგენლებისათვის მშობლიური ენის სწავლების და მათ მიერ კულტურული თვითმყოფობის შენარჩუნების ხელშეწყობა.

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები: საქართველო მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის პირობებში არსებობდა. 1991 წელს ქვეყანამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა. 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი აგრესიული სეპარატისტული მოძრაობები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. ამ დაპირისპირებას შედეგად მოჰყვა ქართველების ეთნიკური წმენდა, რომელიც აღიარებულია გაეროს, ეუთოს და ევროპის პარლამენტის მიერ.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მისი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნის შეზღუდვის მიზნით რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოში მორიგი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები დადასტურებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი ფაქტების მომძიებელი კომისიის ანგარიშში. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღიარებულია არაერთი ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

სამხედრო აგრესიის შედეგების დაკანონების მიზნით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფით, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა და იქ დამატებითი სამხედრო ნაწილები და ინფრასტრუქტურა განალაგა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. ამ მიზნით იგი ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ზოგიერთ სახელმწიფოზე.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არღვევს მის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოკუპირებული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაცია, კერძოდ, იქ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ნაწილების, ასევე მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების განლაგება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ემუქრება მის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.

რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების უგულებელყოფა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლისა და „გავლენის სფეროების“ პრინციპის აღდგენისკენ მიმართული მცდელობები საშიშროებას უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მეზობელი ყველა სხვა სახელმწიფოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ იგი ამ ტერიტორიებს იყენებს საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით ტერორისტების შესარჩევად და მოსამზადებლად. ამის ნათელი დადასტურებაა ბოლო პერიოდში ტერორისტული ჯგუფების გამოვლენისა და მათი საქმიანობის აღკვეთის არაერთი ფაქტი.

საგანგაშოა აღნიშნულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და იქ განლაგებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ ადამიანის უფლებების რეგულარული და უხეში დარღვევის ფაქტები. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სისტემატური დევნა ეთნიკურ ნიადაგზე და დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნურად შეცვლის ცდები. საქართველოს შეშფოთებას იწვევს ის საფრთხე, რომელსაც ოკუპაცია უქმნის აფხაზების ეთნოკულტურულ თვითმყოფობას.

აღნიშნულ ტერიტორიებზე წარმოებული უკანონო ეკონომიკური საქმიანობით და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით რუსეთის ფედერაცია საქართველოს ამ რეგიონებს უმძიმეს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.

2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან/და მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა ან/და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რუსეთის ფედერაციის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება. რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანია საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა, მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე ძალით დაბრუნება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა, სამხედრო ბაზების მშენებლობა და მათი პოტენციალის ზრდა პლაცდარმია პროვოკაციებისა და შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის. რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და არ იღებს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულებას. მან 2008 წლის აგრესიის შემდეგ დაბლოკა „საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიისა“ და ეუთოს მისიის მუშაობა, ამასთანავე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს საშუალებას, განახორციელოს თავისი მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამშვიდობო/საპოლიციო მექანიზმის შექმნის იდეას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ახალი რუსული აგრესიის პოტენციური რისკი. თუმცა საქართველოსადმი გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა, ამ რისკის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა: 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად თავიანთი საცხოვრებელი ადგილები იძულებით დატოვა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის დაახლოებით 80%-მა, 500 000-მდე მოქალაქემ, რომელთაგან 261 000 ამჟამად საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მიერ თავიანთი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების, მათ შორის, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების და ქონებრივი უფლებების, დაცვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

4. კავკასიაში არსებული კონფლიქტები: მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შესაძლო გადმოდინება მას საფრთხეს უქმნის.

კავკასიაში არსებული კონფლიქტები უარყოფითად მოქმედებს მის უსაფრთხოებაზე და ჰუმანიტარული კრიზისების განვითარების პოტენციური წყაროა. ამასთანავე, რუსეთი ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის არარსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ტრანსნაციონალური დანაშაულისათვის და ამ პრობლემის ეფექტიანი გადაჭრის ხელშემშლელი დამატებითი ფაქტორია.

საქართველოსთვის ასევე გამოწვევაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი. ამ ქვეყნების შეიარაღებული დაპირისპირების განახლება შეასუსტებს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენის ზრდას.

5. საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული: თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ცალკეული სახელმწიფოებისა და არასახელმწიფოებრივი სუბიექტებისაგან მომდინარე ტერორისტული საფრთხეები.

საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისათვის. ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია სახელმწიფოთა მიერ ორგანიზებული ტერორისტული ქმედებები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი აქვს, არსებობს საშიშროება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს ისეთი არალეგალური საქმიანობისთვის, როგორიცაა ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო გადაზიდვა და ვაჭრობა, ადამიანთა ტრეფიკინგი და სხვა.

6. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები: სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება გამოწვევაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორების შემთხვევაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევა. საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გაუმჯობესება. ეკონომიკის არასათანადო ტემპით განვითარებამ, სახელმწიფო შემოსავლების მკვეთრად შემცირებამ, უმუშევრობის უკიდურესმა ზრდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალურ დაძაბულობას და დაემუქროს ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის ეკონომიკისა და მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და ზრდა.

7. ენერგეტიკული გამოწვევები: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება.

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

8. კიბერსაფრთხეები: ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულებასთან ერთად იზრდება ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს ინფორმაციული სივრცის დაცვასთანაა დაკავშირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევების პარალელურად, მიზანმიმართული და მასობრივი კიბერთავდასხმები განახორციელა. ამ კიბერშეტევებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეების დაცვა.

9. ეკოლოგიური გამოწვევები: ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ კრიზისებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებრივ გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას.

საქართველოს შეშფოთებას იწვევს ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის საქმიანობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, აფხაზეთში, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაუშვას შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში სამშენებლო მასალებისა და ხეტყის უკანონო მოპოვებას და რუსეთის ფედერაციაში გატანას.

10. დემოგრაფიული გამოწვევები: ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. საგულისხმოა, რომ შობადობისა და საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მაჩვენებლები გასულ წლებთან შედარებით იზრდება. ამ პოზიტიური დინამიკის სტაბილური შენარჩუნება ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანაა.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნურად და უკანონოდ შეცვლის ცდები იქ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჩასახლებით და მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნით. ასეთი ქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის აფხაზების თვითმყოფობის შენარჩუნებას.

11. სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები: სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფო ენის შესასწავლად, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

12. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურება: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. მის შეშფოთებას იწვევს ამ ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე მნიშვნელოვანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა ქვეყნის საზღვრების გარეთ.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა
1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია.

საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, გადადგას დროული და ეფექტიანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. საქართველო ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.

ამასთანავე, საქართველო ცალმხრივად იღებს ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულებას, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის პარლამენტში 2010 წლის 23 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეს ვალდებულება მან ევროკავშირის, ნატოს, გაეროს და ეუთოს ხელმძღვანელებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილებში დაადასტურა.

საქართველო აგრძელებს სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, რომლებიც გულისხმობს ოკუპირებული რეგიონებისთვის ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული ფართო ავტონომიის შეთავაზებას.

საქართველო მიესალმება ყველა სამშვიდობო წინადადებასა და ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი ტერიტორიების დეოკუპაციას. დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტი აქტიურობა, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედება, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები. დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის პარლამენტის, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის და საქართველოს პარტნიორი სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული დოკუმენტები.

საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია ისეთი სამშვიდობო მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანას და იქ საერთაშორისო სამშვიდობო/საპოლიციო ძალების განლაგებას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ მისიამ უნდა მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიებიც, როგორც განსაზღვრულია მისი მანდატით. ეს ხელს შეუწყობს სრულყოფილი სამშვიდობო პროცესის დაწყებას და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება დადებითად იმოქმედებს მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოწესრიგებაზე.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გაეროს გენერალური ასამბლეის 2008, 2009, 2010 და 2011 წლების რეზოლუციები, გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუცია, ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის, ლისაბონის 1996 წლის და სტამბოლის 1999 წლის სამიტების დოკუმენტები და ევროპის პარლამენტის 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუცია.

ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად საქართველო ავითარებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და სხვა იმგვარი პირობების შექმნით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით. საქართველო ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალებით აღუდგება წინ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის თავს მოხვეული „შეთანხმებების“ ფარგლებში.

1.2. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა

საქართველოს სურვილია, რუსეთთან იქონიოს კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რაც ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და დეოკუპაციის განხორციელების გარეშე. საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ამ ფუნდამენტურ საკითხებზე დიალოგის დაწყებით.

საქართველო მომხრეა, რუსეთის ფედერაცია გარდაიქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და საბაზრო ეკონომიკის პატივისცემის პრინციპებზე დააფუძნებს. რუსეთის ფედერაციის დემოკრატიზაცია და მისი პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაცია ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოებას, რაც რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გარემოს შექმნას და მშვიდობის დამყარებას. საქართველო აცნობიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მიზნებთან და პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის გაზრდას, კავკასიაში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას და მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენები, კულტურული და ისტორიული მონაპოვარი მსოფლიო საგანძურის ნაწილია და მათ შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხების საერთო ძალისხმევის საგანი სხვა საკითხებთან ერთად კავკასიის უნიკალური ბუნება და მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება უნდა გახდეს.

კავკასია მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და ჯგუფის საერთო სახლია. საქართველო მხარს უჭერს ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. კავკასიის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ის დადებითი პოტენციალია, რომელიც კეთილი ნების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის პირობებში შეიძლება რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის და მისი განვითარების საფუძვლად იქცეს.

2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება

საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე ნებაა, განავითარონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, განამტკიცონ კანონის უზენაესობა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, გაერთიანების შექმნის და მასში მონაწილეობის უფლების გარანტიაა. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების ფუნქციების გამიჯვნას, რაც მმართველობის დემოკრატიული სისტემის საფუძველია. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილი ცვლილებები. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების რეფორმირებისა და საქმიანობის ოპტიმიზაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და კომპეტენტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება.

კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება. ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ზრდისკენ. მნიშვნელოვანია სასამართლოსადმი ნდობის განმტკიცებისათვის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ხელსაყრელი პირობების შექმნას პოლიტიკური პარტიების, მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანების, ინტერესთა ჯგუფების, საქმიანი წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის გასავითარებლად. ეს ხელს უწყობს ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს დემოკრატიის გაღრმავებას და საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისათვის კორუფცია აღარ არის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა, მასთან ბრძოლა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამ მიზნით საქართველო გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობის გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაზრდას.

3. ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება

საქართველო მოწოდებულია, შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან და ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“.

საქართველო დაინტერესებულია, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებისას მისი შესაძლებლობებისა და მიდგომების გამოყენებისათვის. ჩართულობის პოლიტიკის წარმატებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების საქართველოს მთავრობასთან კოორდინირება.

4. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება

ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად საქართველო ატარებს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართულ რეფორმებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ქვაკუთხედია ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს ხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია კრიზისების მართვის ერთიანი, მოქნილი, მუდმივმოქმედი და ეფექტიანი სისტემის არსებობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს მოსალოდნელი კრიზისის პროგნოზირებას და თავიდან აცილებას, ხოლო კრიზისის წარმოქმნის შემთხვევაში – მის და მისი ნეგატიური შედეგების უმოკლეს დროში ლიკვიდაციას ან მინიმუმამდე შემცირებას.

საქართველოს უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. საქართველოს ხელისუფლება ახდენს შეიარაღებული ძალების ადაპტირებას ახალ გამოწვევებთან, ოპერატიულ გარემოსა და ამოცანებთან. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარე აგრესიის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, პერსონალის მართვის სისტემის განვითარება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამ მიმართულებებით განვითარების მიზნით იქმნება და ინერგება შესაბამისი დოქტრინული ბაზა და ხდება თავდაცვისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა და რესურსების რაციონალური მართვა, რაც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ნაწილია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია როგორც კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა შეიარაღებულ ძალებში, ისე ეროვნულ დონეზე სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კრიზისების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპს, რომლის წარმატებით განხორციელება მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამხედრო რეზერვის ეფექტიანი სისტემის შექმნას. რეზერვის ახალი სისტემა მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვის რეფორმის პრიორიტეტად რჩება საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარი ქვეყნების დახმარებას და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რომელთა ფარგლებში ქართული შენაერთების მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, არამედ ასევე ამდიდრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას.

5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრებაა. საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, არის ევროპის გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ნაწილი, რომელიც ისტორიული კატაკლიზმების გამო მოწყვეტილი იყო თავისი განვითარების ბუნებრივ გარემოს. საქართველოს სუვერენული არჩევანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას.

5.1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება:

ნატოში გაწევრება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა. საქართველო ნატოს განიხილავს, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის საფუძველს და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრეს მექანიზმს. ნატოში გაწევრება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ გარანტიებს შექმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში. ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების თაობაზე ქვეყანაში არსებობს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი, რასაც ამ საკითხზე 2008 წელს ჩატარებული პლებისციტის შედეგებიც ადასტურებს.

2004 წლიდან საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც შემდგომ ასევე აისახა სტრასბურგ-კელის და ლისაბონის სამიტების გადაწყვეტილებებში და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ ვერ შეცვალა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციისკენ მიმართული კურსი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნამ და წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების დაწყებამ, ასევე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დაარსებამ ახალი იმპულსი მისცა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი პარლამენტის მონაწილეობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქვეყანა არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ იზიარებს კიდეც კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები%