საქართველოს და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

15.11.2017, თბილისი - 2017 წლის 14-15 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდი მინისტრების მოადგილეების დონეზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების არსებული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის პარტნიორობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ხაზი გაესვა სამართლებრივი ბაზის განვითარების აუცილებლობას, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს.

საქართველოს მხარემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. უზბეკეთის მხარემ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

მხარეები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ და განავითარონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი 2018 წელს ქ. ტაშკენტში გაიმართება.