„აბრეშუმის რკინიგზა“ - მარშრუტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო მნიშვნელობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 13 დეკემბერს  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წვერებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის რკინიგზის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის კონტინენტზე სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით  ტვირთების  გადაზიდვა კიდევ ერთხელ  ხაზს უსვამს საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის სატრანიზტო მნიშვნელობას.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი სტრანზიტო მარშრუტი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდაზეც. 

"ეს მარშრუტი სხვა მარშრუტებთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება,  თუმცა ჩვენ პატრნიორობაში ვიქნებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს. დღეს საუბარი იყო ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება რა თქმა უნდა ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლაც შავის ზღვის მეშვეობით.  ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში. დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის.  დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს განვითარების ისტორიაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე გაიმართა, მას საქართველოს მთავრობის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის რკინიგზის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს მტავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში  ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან -  პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში  14-15 დღეში ჩადის, რაც საუკეთესო  ალტერნატივაა დღეს არსებული საზღვაო მარშრუტისა, სადაც ტვირთების გადატანის ხანგრძლივობას 40-45 დღეა.  წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.