საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

მიხეილ ჯანელიძემ 12 და 13 ნოემბრის, ვაშინგტონში გამართული, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის, და ასევე, ხალხთა შორის ურთიერთობების და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები მიმოიხილა. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ დემოკრატიის და მმართველობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, ისეთ სფეროებში როგორიცაა სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურები, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობისა და სასჯელაღსრულებითი სისტემები, საჯარო სამსახური, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, უმცირესობათა და ქალთა უფლებები.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში.

ხალხთა შორისი თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აღნიშნული ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული საკითხები, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი ღრმა და ყოვლისმომცველია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე.

12 და 13 ნოემბერს, ქ. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

აშშ-ის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე  და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი. აშშ-ს დელეგაციაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.