ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მერვე სხდომა

2015 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მერვე შეხვედრა. შეხვედრისას, საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროპულ დელეგაციას - საგარეო ქმედებათა სამსახურის ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  დეპარტამენტის დირექტორი ელიზაბეტ ტისონი. ადამიანის უფლებათა საკითხებზე თითოეული შეხვედრის წინ, ტრადიციისამებრ, იმართება კონსულტაციები სამოქალაქო  საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამჯერადაც, დიალოგის დაწყებამდე, ევროკავშირის დელეგაცია ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების , ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ  სამძიმარი გამოხატა და საქართველოს თანადგომა აღუთქვა .
 
დიალოგის მერვე შეხვედრაზე გაიმართა ღია და კონსტრუქციული მსჯელობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის მზაობაზე მიაღწიოს ხელშესახებ პროგრესს ამ მიმართულებით. მონაწილეებმა იმსჯელეს 2014 წლის ივნისში ჩატარებული წინა შეხვედრიდან დღემდე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა: საარჩევნო გარემო, სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა,  წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა,  უმცირესობათა უფლებების, მშრომელთა უფლებების, ბავშვთა უფლებების საკითხები, გენდერული თანასწორობა,  საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
 
ევროკავშირმა მოიწონა სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობისა და კოორდინაციის მაღალი დონე და მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გააძლიეროს შესაბამისი პოლიტიკა და ინსტიტუციები ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. ევროკავშირი ასევე მიესალმა სახალხო დამცველის სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესს, კერძოდ, პატიმართა სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.  ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოში წამების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, და ამავე დროს  ხაზგასმით აღნიშნა დამატებითი ძალისხმევის აუცილებლობა დაუსჯელობის, მათ შორის  წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ წამების, არამედ ქონებრივი უფლებებისა და საპროცესო გარიგების დარღვევის  ფაქტებს. საპასუხოდ, საქართველოს დელეგაციამ  წარმოადგინა ინფორმაცია მთავარი პროკურორის ოფისში ახლად შექმნილი დეპარტამენტის მიერ აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული სამუშაოს შესახებ.
 
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა 2016 წლის არჩევნებამდე შეასრულოს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა 2013 წლის შრომის კოდექსის განხორციელებისა და სოციალური დიალოგის გაგრძელების საჭიროება. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე აღინიშნა სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებისა და განხორციელების აუცილებლობა.
 
ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია ბრიუსელში, 2016 წელს.