ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა

03.02.2017 თბილისი - ​„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას საქართველოს და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სებასტიან კურცს საქართველოს პირადი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა მისი ძალისხმევა ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისათვის.
 
„უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში“-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
 
თავის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობებზე საუბრისას სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. სებასტიან კურცმა მაღალი შეფასება მისცა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ავსტრიული კომპანიები, რომელიც კმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემოს გამო „დიდი პოტენციალია ეკონომიკურ ურთიერთობებში - ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროში, რაც ფეხდაფეხ წინ მიიწევს, ავსტრიული კომპანიები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, კმაყოფილი არიან აქ არსებული ვითარებით“-განაცხადა კურცმა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთოს  ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ეუთოს მონაწილეობა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმის ეფექტური განხორციელებისათვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და აღინიშნა საქართველოს მიღწევები ამ კონტექსტში.
 
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისს გუშინ გვიან საღამოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მინისტრი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში. სებასტიან კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.