აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 19 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი.

გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.
 
მინისტრების შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის სფეროებში.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისაკენ.

აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მჭიდრო ურთიერთქმედებას სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის პროექტის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.
 
დაფიქსირდა, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირება ორი ქვეყნის საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებზე და აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების მნიშვნელობა.
 
მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმება მიმართულია საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.
 
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში.
                                         
2015 წლის 19 თებერვალი
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი