ამბასადორიალის ფარგლებში მეუღლეებისათვის სპეციალური პროგრამა გაიმართა

2015 წლის 4 სექტემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრის „ამსაბასადორიალი 2015-ის“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკვე მესამედ ჩატარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქ-მნა ხათუნა თოთლაძემ. პროგრამის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელძღვანელთა მეუღლეებს გააცნეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო გეგმები. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ ელჩების მეუღლეებს დიპლომატიური პროტოკოლის საწყისები, ეტიკეტის გარკვეული ნორმები და არსებული ტენდენციები გააცნო.  კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნანა ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქართული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა და დასახული მიზნების შესახებ. ტურიზმის კონსულტანტმა და ჟურნალ „The Georgian“ -ის გამომცემელმა, ლელა ხარტიშვილმა ისაუბრა საქართველოსათვის აგრო ტურიზმის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების ეტაპებზე. რუსუდან მაცაბერიძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ქალბატონებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მ.წ. სექტემბრიდან ამოქმედების შესახებ და წარუდგინა სამომავლო გეგმები. მანუელ ფაუნდესი, პროფესიული სწავლების კოლეჯი „იკარუსის“ მსოფლიო სამზარეულოს  პედაგოგი და შეფ-მზარეული დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოსთვის კულინარიის სფეროს წარმატებებსა და ქართული კერძების პოპულარიცაზიის მნიშვნელობაზე. ჟურნალ „ეგოს“ რედაქტორი და ფლიტ მედიას დამფუძნებელმა, ანუკი ნაცვლიშვილმა ელჩების მეუღლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება წარმატებული ქალის წინაშე არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების შესახებ.   დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებმა კი  კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.