აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის.

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ჩვენ დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.