აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი: „მე დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ“

“დღეს დილით ჩემსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის შედგა ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა, რომლის დროსაც მე დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უამრავი საკითხი, დაწყებული საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერით, გაგრძელებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას“- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა ქართიის მეხუთე პლენარული სხდომის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქრთველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის. „ჩვენ პატივს ვცემთ დაღუპულთა ჯარისკაცების ხსოვნას და მადლობას გიხდით თქვენი წვლილისთვის მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში’-განაცხდა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. „საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებზე და მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო’-აღნიშნა ბლინეკნმა.