აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ მიღებული ერთობლივი განცხადება

2 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. აშშ-ის მხრიდან თანათავმჯდომარეებმა რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოიწონეს რუსეთის პროვოკაციებზე საქართველოს მთავრობის ზომიერი რეაქცია. აშშ-მ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და  ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, იმუშაოს ევროკავშირთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების სწრაფი განხორციელების მიმართულებით. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა, რაც ადასტურებს მხარეთა მზაობას, გაამყარონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა.
 
ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია მიესალმა რეგიონში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის მზარდ ეკონომიკურ როლს, რასაც მოწმობს წარმატებით ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის მიზანი იყო კავკასიის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის მიმართ რეგიონული მხარდაჭერის მობილიზება. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიამ დაადასტურა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის პროექტის დასრულებისა და საქართველოს განახლებადი რესურსების შემდგომი განვითარების გზით. ორივე მხარემ აღნიშნა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართული ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ბოლო რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული ფორმატის მეშვეობით მუშაობის გაგრძელებაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შესაძლო გაფორმების მიზნით. საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიულოცა წყნარი ოკეანეთის პარტნიორობასთან (TPP) დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, მიესალმა  ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის (TTIP) მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს  და გამოთქვა  ზემოაღნიშნულ პლატფორმებთან თანამშრომლობის ინტერესი. აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სექტორებში, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარების მიზნით. 
 
დემოკრატია: სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია მიესალმა რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და აღნიშნა, რომ დამატებითი ძალისხმევა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. მხარეებმა იმსჯელეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული პირობების შექმნის მნიშვნელობაზე, ასევე შეთანხმდნენ ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა გენერალური პროკურატურის, ძალოვანი და უსაფრთხოების სამსახურების მიმართულებით ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.
 
თავდაცვა და უსაფრთხოება: მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
 
ორივე მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული ინტენსიური რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიისა და  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით მიაღწია და რაც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესს.
 
ორივე მხარემ დადებითად შეაფასა პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესში, მათ შორის, აშშ-ს მიერ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერით. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სიმტკიცისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდით. აშშ-ის მხარე მიესალმა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის კუთხით საქართველოს საზღვრების გაძლიერების სფეროში, რის შედეგადაც საქართველოში გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა მსოფლიოში უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალების - ჰეროინის გადაზიდვა. მხარეებმა აღნიშნეს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების განხორციელების უწყვეტობის მნიშვნელობა საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.



აშშ–მ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალებისა (ISAF) და ,,მტკიცე მხარდაჭერის’’ მისიაში, ასევე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილი; ამასთან, პატივი მიაგეს იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სიცოცხლე შესწირეს მისიის შესრულებას. აშშ-ს მხარემ აღნიშნა საქართველოს ზრუნვა თავის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს დაუჭერს ასეთ ძალისხმევას, საქართველოში მათი მკურნალობის შესაძლებლობების განვითარების  ჩათვლით.  
 
 
ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები: ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კავშირები გააღრმავოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლებთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს უფრო მეტ მომსახურებებზე წვდომა. ორივე მხარემ აღნიშნა ხალხთაშორისი ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობა ურთიერთობების დამყარებისა და შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევის ხელშეწყობის გზით. ორივე მხარემ, ასევე, აღნიშნა აუცილებლობა, ითანამშრომლონ საქართველოში რუსეთის უშუალო მხარდაჭერით გზავნილების გავრცელების გააქტიურების და რუსეთის ქმედებებზე მონიტორინგის განხორციელების და რეაგირების კუთხით.
 
მხარეებმა აღნიშნეს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეორე კომპაქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი წვლილი საქართველოს სამუშაო ძალის განვითარების საქმეში მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებით, განათლების ხარისხის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების სექტორში სტრატეგიული ინვესტიციების გზით.
 
 
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიამ აღნიშნა  აშშ-ის მიერ დაფინანსებული სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და აშშ-სა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომშიც გააღრმავონ პარტნიორული ურთიერთობები ჯანდაცვის სფეროში, მეცნიერების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის სექტორში ერთობლივი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი ინიციატივების წამოწყების გზით.
 
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სხდომის დასასრულს ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი და აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას.