ბავშვის უფლებათა კონვენციის ორ დამატებით ოქმზე სახელმწიფო ანგარიშების პროექტები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოისმინა

27.12.2016 თბილისი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებისთვის გაცნობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ბავშვის უფლებათა კონვენციის ორი დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშების პროექტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც წარუდგინა.
 
საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ხათუნა თოთლაძემ მოკლედ მიმოიხილა ანგარიშის პროექტებში ასახული ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ანგარიშების შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრეს ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მხრივ, განხორციელებულ ღონისძიებებზე.
 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სოფიო კილაძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ანგარიშების პროექტების მომზადებისთვის, ასევე გამოთქვა იმედი, რომ  საკომიტეტო მოსმენაზე გახმოვანებული რეკომენდაციები და კომენტარები ასახვას ჰპოვებენ სახელმწიფო ანგარიშების საბოლოო ტექსტებში.
 
ხათუნა თოთლაძის განცხადებით - ,,გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გაგზავნამდე, ხსენებული ანგარიშები გასაცნობად ასევე გაეგზავნება ბავშვის უფლებათა თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს, რათა მოხდეს მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარება“.