ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. მინსკში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა.
 
ღონისძიება საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ მიხნევიჩმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით კოტარიამ.  ოფიციალურ ცერემონიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
საზეიმო მიღებაზე გაიმართა აჭარის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლის „ათძალის“ კონცერტი, რომლის ფარგლებშიც შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები, რომლებიც ბელარუსულ ენაზეც გაჟღერდა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოეწყო აგრეთვე ფოტო გამოფენა, წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის პოტენციალის ამსახველი სარეკლამო კუთხე, სადაც მსურველებს დაურიგდათ ბრიშურები და ტურისტული ბუკლეტები საქართველოს შესახებ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო და მინერალური წყლები.
 
საზეიმო მიღებას დაესწრნენ ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბელარუსის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ქ. მინსკის მერი, ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართული დიასპორა და სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.