საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი ბრიუსელში

2015 წლის 4-6 თებერვალს ბრიუსელში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონი დავით დონდუას ვიზიტი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის მხარისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. ‘’ხელშეკრულებების’’ შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა შეხვედრები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, იოან მირჩეა პასკუსთან, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩეველთან, რიინა კიონკასთან და ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურის მოადგილესთან, ჟილ ჟავიესთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელთან, გუნარ ვიგანდთან, ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან: ლუკ დევინთან, ჯოანა მიკსასთან და ბარტოზ სტუდნიარსკისთან, ფედერიკა მოგერინის კაბინეტის უფროსთან, სტეფანო მანსერვისისთან და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან, ანტი ტურუნენთან; ასევე ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

4 თებერვალს ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია ევროკომისიის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპარლამენტის, ევროკავშირში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების იურიდიული, პოლიტიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ასპექტების განხილვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, მოსკოვის მიერ წარმოებული დესტრუქციული პოლიტიკის, კერძოდ უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიხილა. დავით დონდუამ რუსეთის ქმედებები შეაფასა, როგორც რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, ოკუპაციისა და ანექსიის გზით შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების პროდასავლური კურსი. გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგის სამიტის მნიშვნელობას. ასევე განიხილეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ის პოზიტიური ასპექტები, რაც შეიძლება ჰქონდეს DCFTA-ისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს. შეხვედრის დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი