ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა. გამომსვლელებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის ძალზე მოხარულია, რომ მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს, პირველად, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს და მიიჩნევს, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება ამ ვიზიტის შემდეგ.
 
მიღებაზე საელჩოს მიერ მოწვეულ იქნა ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ალექსანდრე ჯულაყიძე, რომელმაც შეასრულა კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები.
 
ოფიციალური მიღების დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნა ქართული ღვინო და სამზარეულო, ასევე დაურიგდათ ტურისტული ბროშურები.
 
მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბერნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კანტონების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, შვეიცარიული პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.