ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო

2016 წლის 25-26 აპრილს  ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა, რომელზეც ასოცირების კომიტეტმა დასკვნითი განცხადება მიიღო.
 
განცხადებაში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით რატიფიცირების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
 
„ევროკავშირის ხელშეკრულების 49-მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, გააჩნია ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, თუ ის იცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“ − ნათქვამია განცხადების ტექსტში.
 
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება 2015 წლის 16 ნოემბერს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომას, რომელმაც კიდე ერთხელ აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში, და  საქართველო შეაფასა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის  მოწინავე ქვეყანა.
 
კომიტეტი ასევე მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებისთვის საქართველოს ხელისფლების ქმედებებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების არსებული ტემპის და კურსის შენარჩუნება, რისთვისაც ევროკავშირი მზად არის საქართველოს გაუწიოს შესაბამისი ტექნიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა.
 
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ადასტურებს  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) გათვალისწინებულ ოთხივე ფაზაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მიესალმება ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რაც აღიარებულია „საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელების შესახებ“ ევროკომისიის 2015 წლის დეკემბრის ბოლო ანგარიშში.
 
კომიტეტი სრულად აღიარებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მის დიდ პოტენციალს შერიგების ძალისხმევაში და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის პირდაპირ კონტაქტებს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე გააძლიერებს ბიზნესს და  სოციალურ-კულტურულ კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. 
 
 

FINAL STATEMENT AND RECOMMENDATIONS