ბრიუსელში ვიზიტის ფრაგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

2015 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა. ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის ფორმალური დიალოგის უმაღლეს ფორმატს წარმოადგენს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირის  შორის ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად, ხელშეკრულების იმპლემენტაციის ზედამხედველობის/მონიტორინგის მიზნით.

ასოცირების საბჭოს  სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში  აგრეთვე, იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი,  გიორგი კვირიკაშვილი,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე; საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი.

საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები და პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიღწეული პროგრესი; სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები; აღმოსალეთ პარტნიორობა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა; ასევე, საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯები ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის კუთხით და აღნიშნა ევროკავშირის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის მიღწევების მიზნით რეფორმების დაჩქარებული ტემპით გაგრძელების მნიშვნელობა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ქართული მხარის მიერ გამოითქვა იმედი, რომ  მე-4 შემფასებელი ანგარიში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება იქნება საბოლოო და უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველზე.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასოცირების საბჭოს შემდეგ გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები პრესის წარმომადგნელებთან. ასევე, გაიმართა  სამუშაო ვახშამი. შეხვედრასთან დაკავშირებით მომზადდა ერთობლივი პრეს-რელიზი.

ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრა  გამართა  ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფრანს ტიმერმანსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის იმპლემენტაციის კონტექსტში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა  საქართველოს ვიცე-პრემიერის,  საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელმარ ბროკთან.  შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს შესაბამისი მიმართულებებით ურთიერთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ამასთანავე, 16 ნოემბერს,  საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სიტყვით წარსდგა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის დროსაც მინისტრმა ყურადღებას გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებზე, შემდგომ გეგმებსა და მიზნებზე.

17 ნოემბერს დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან; ასევე გაიმართება ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის შეხვედრები მიგრაციისა და საშინაო საქმეთა ევროკომისართან, დიმიტრის ავრამოპულოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

Joint press release following the second Association Council meeting between the European Union and Georgia