ბრიუსელში საქართველოს დელეგაციამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

16.12.2016 ქ. ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა  მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ რიგის სამიტზე შეთანხმებული ოთხი პრიორიტეტული  მიმართულებით მიღწეული შედეგები; მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნირობის“ მომავალი სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა კონკრეტული შედეგების მიღების მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ გააცნო პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს მიერ, წარმოდგენილი პრიორიტეტების მიხედვით განხორციელებული რეფორმები და მომავალ სამიტთან  დაკავშირებით წარმოადგინა  თავისი ხედვები და მოლოდინები. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ამასთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაზე, ასევე მიმოხილულ იქნა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია. აღნიშნულ კონტექსტში ქართულმა მხარემ  ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლის მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირის სამეზობლოში, ისე მსოფლიოში.