ბულგარეთის ელჩთან შეხვედრაზე ახლო მომავალში ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხები განიხილეს

19.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს კოლეგა მინისტრის - დანიელ მიტოვის მისალოცი წერილი გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. როგორც ცნობილია 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას, შესაბამისად მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბულგარეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს, განსაკუთრებით აღინიშნა ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი და მათი ჩართულობა აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.