გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილეს

2015 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ინფორმაცია  საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.
 
საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. ანგარიშის განხილვისას წევრი სახელმწიფოების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შემდეგ სფეროებში:

სასამართლოს დამოუკიდებლობა;
სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები;
წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები;
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შექმნა;
მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება;
უფასო იურიდიული სამსახურის გაძლიერება;
სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა;
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღება და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.  

სახელმწიფოები რეკომენდაციას აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს აღნიშნულ სფეროებში შემდგომი რეფორმების განხორციელება.
 
დელეგაციებმა განსაკუთრებით დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და პრემიერ-მინისტრთან ადამიანის უფლებათა საბჭოს დაარსებას.
 
ასევე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წინა განხილვის შედეგად აღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
 
აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე.
 
ამავდროულად, ანგარიშის განხილვის პროცესში  გამოითქვა რეკომენდაციები იმ გამოწვევებზეც, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში კვლავ რჩება. ამ მხრივ, აქცენტები გაკეთდა ქალთა, ბავშვის და შშმ პირთა უფლებების დაცვაზე, სახალხო დამცველისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფაზე ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისთვის, სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოძიების ეფექტურ მექანიზმზე, ადამიანის უფლებათა სფეროში დარჩენილ კონვენციებთან მიერთებაზე.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დელეგაციამ მკაფიო განცხადებით უპასუხა რუსეთის ფედერაციის მიერ თავის გამოსვლაში გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
 
2015 წლის 12 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ანგარიშის დამტკიცება, რომელშიც აისახება საქართველოს მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაცია. 
 
ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ანგარიშის განხილვისას საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე. დელეგაციაში შედიოდნენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. საქართველოს მთავრობის დელეგაცია მადლობას უხდის განხილვაში მონაწილე დელეგაციებს გამოთქმული შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის, ასევე პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს განვითარების პროგრამას დაინტერესებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის.
 
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით.