განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ

2015 წლის 10 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე დაიწყო  ფართომასშტაბიანი წვრთნები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 1,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნების პროცესში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები «Застава», «Гранат», «Орлан» და «Леер», რომელთა საშუალებითაც ხორციელდება დაზვერვა და არტილერიის ცეცხლის კორექტირება. ამავდროულად წვრთნებში მონაწილეობენ Т-72БМ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2, თვითმავალი ჰაუბიცები «Акация» და «Гвоздика».

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.