განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ

2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში.  სწავლებაში გამოიყენება თანამედროვე შეიარაღების ისეთი სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла", საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска", საზენიტო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса».

   
რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება.

2015 წლის 5 მარტი

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი