გენდერული თანასწორობის კონფერენცია თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდა

თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ - თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდა. 

დეკლარაცია მიზნად ისახავს  ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების განმტკიცებას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული პოლიტიკური ნების მნიშვნელობა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების რეალიზაციისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის კუთხით. ამასთანავე, თბილისის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულობა ეფექტიანი ინსტრუმენტია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების მიღწევის თვალსაზრისით. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას  ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროსა და ეუთოს როლზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ  პროგრესი ქალთა უფლებების ეფექტიანად და სრულად დაცვის საქმეში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება გენდერულ საკითხებს ადგილობრივ, სახელმწიფო, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე.

საქართველომ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას 9-10 ნოემბერს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და გაეროს გენერალური მდივნის  და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწემ ჯიჰან სულთანოღლუმ. ღონისძიებას ესწრებოდა 250 დელეგატი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან.