გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა

23.09.2016 - აშშ/ნიუ-იორკისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო- გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს პიტერ ტომფსონს შეხვდა.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში საქართველოს აქტიური ჩართულობა. პიტერ ტომპსონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც   მდგრადი განვითარების ერთერთ უმთავრეს 16-ე მიზნის ეფექტურ შესრულებას მიეძღვნა. როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიზნების ინტერნაციონალიზაციაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ​