გიგი გიგიაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2015 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარტ ლაანემაესთან, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ და ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებს კურირებს.  

შეხვედრაზე გიგი გიგიაძემ ისაუბრა ასოცირების შეთანხმების განხორციელებასა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესზე. მან თავის ესტონელ კოლეგას გააცნო ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტის შედეგები და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღნიშნა, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე.

გიგი გიგიაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მნიშვნელობა და გააცნო საქართველოს მოლოდინები მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე. მარტ ლაანემაემ კვლავ დაადასტურა ესტონეთის პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ქართულ მხარეს მომავალშიც დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე, ზოგადად, მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძალზედ ნაყოფიერი ორმხრივი ურთიერთობები, ვიზიტების აქტიური დინამიკა და ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.