გიგი გიგიაძე: "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას კონკრეტული შედეგების მისაღწევად“

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინეს.

გიგი გიგიაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის მაისში, რიგაში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე სადაც დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. "საქართველო წარმოჩნდა როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცალსახა ლიდერი ქვეყანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მაქსიმალური ძალისხმევით, ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიური თანამშრომლობით სამიტის დეკლარაციაში აისახა რიგი, ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის ფონზე დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, საქართველოში და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, 26 ნოემბერს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სექტორულ დიალოგს მოიცავს. მინისტრების სესიას პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი პირების გარდა, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი დაესწრებიან.

სესიაზე ძირითადი აქცენტები რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგებზე გაკეთდება.

გიგი გიგიაძემ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ პრიორიტეტების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ საგარეო საქმეთა კომპეტენციას განეკუთვნება. მან განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის წახალისებაზე, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებული 187 განცხადებიდან, რომელიც საქართველოს გამოეგზავნა საქართველო 141-ს მიუერთდა. მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება სანქციებს, იგივე პერიოდში სამინისტროში შემოსულ ევროკავშირის 19 განცხადებიდან საქართველო 7-ს მიუერთდა.

„16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილია ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა სადაც საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. წლის ბოლომდე, საქართველო-ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა სხდომას ქართული მხარე უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ თუ დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებს. ამ თვალსაზრისით წარმატებული იყო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი. ა.წ. 9-10 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ხოლო 26-27 ნოემბერს კი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და საბერძნეთში რატიფიკაციის პროცესი სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. „პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა აღნიშნულ ქვეყნებში შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებთან“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.