გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

მოგესალმებით,
მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკის ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორი დღის წინ გახლდათ და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ აქ, თბილისში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი, ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები.

დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. კერძოდ, ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა და მკვლევარს შეეძლება, გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი.

განვიხილეთ USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი ოკუპაციის ხაზთან სიახლოვეში, მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის 5 რეგიონში შეიქმნება 2 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 

ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენ მზად ვართ, მომავალში, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივანს და ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას.

დიდი მადლობა!

 


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო.

გამარჯობა, მოგესალმებით!

ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი თბილისში, საქართველოში, თუმცა, პირველია სახელმწიფო მდივნის რანგში. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც პირველი ვიზიტისას საუცხოო ხაჭაპური და უგემრიელესი ღვინო გავსინჯე, მიკვირს, რატომ არ გესტუმრეთ აქამდე. ცალკე უნდა აღვნიშნო ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ჩვენ ყოველთვის გვმასპინძლობენ და რომელსაც მე პირადად ვგრძნობ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ასევე, აღსანიშნავია ეს უმშვენიერესი ქალაქი და ლეგენდად ქცეული სტუმარმასპინძლობა. სამწუხაროდ, ვარშავის სამიტამდე კიევში უნდა გავემგზავრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მენდეთ, მეტი დროით დავრჩებოდი საქართველოში. გამოვთქვამ იმედს, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის ვადის ამოწურვამდე, კიდევ ერთხელ შევძლებ აქ ჩამოსვლას.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯანელიძესთან შეხვედრისა და დისკუსიის შესაძლებლობა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩამოვედი მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავთ.

საქართველო არის ულამაზესი დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც არსებობა უწევს გამოწვევებით სავსე სამეზობლოში და ძალიან რთულ დროში.

გადმოგცემთ პრეზიდენტ ობამას გზავნილს - ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა და სულ უფრო ღრმავდება. საქართველო არის ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სიდიდით მესამე წვლილის შემტანი, ზოგადად და პირველი არაწევრ ქვეყნებს შორის. წლების განმავლობაში ჩვენი სასახელო მებრძოლები გვერდიგვერდ მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას ამ უმნიშვნელოვანეს მისიაში. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება დადასტურდა ჩიკაგოსა და უელსის სამიტებზეც და კიდევ ერთხელ დადასტურდება ვარშავაშიც, მომდევნო კვირას.

ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება და თავად აირჩია ევროატლანტიკური მომავალი. აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში.

სულ ახლახან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერე მემორანდუმს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში და ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. მადლობას მოვახსენებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, მდივან კარტერს, ასევე საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას, იმ თანამშრომლობისთვის, რომელმაც შედეგად მოიტანა ამ მემორანდუმის გაფორმება.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ, თავისი სამხედრო ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად მიწოდების უზრუნველყოფის ჩათვლით.

დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრაზე, ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მზარდი ეკონომიკური პარტნიორობაც. მე გავაკეთე განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პროგრამის (15 მილიონი დოლარი) შესახებ, რომლის მიზანიცაა საქართველოში ეკონომიკური სიმტკიცის მხარდაჭერა. გარდა ამისა, კიდევ ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა ჩვენს მოქმედ პროგრამას, რათა გაუმჯობესდეს შრომის კოდექსთან შესაბამისობა.

გარდა ამისა, ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცების აუცილებლობა. მოუთმენლად ველი დღეს მოგვიანებით დაგეგმილ შეხვედრას ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებთან, რათა გავეცნო მათ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის მოდერნიზაციას და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშეწყობას.

საქართველო არის მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებების მაგალითი, რომელიც იწვევს რეგიონის სხვა ქვეყნების საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასაც. როგორც უკვე აღინიშნა ჩემს შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან (და ამ თემას მოგვიანებით პრეზიდენტთან შეხვედრაზეც განვიხილავთ), ჩვენ წამოვაყენებთ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული პროცესების საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბარშიც, რომლებსაც მე ხვალ შევხვდები.

8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი გამოცდა საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხოების, სტაბილურობის განმტკიცებისკენ და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენს ყველა საუბარში აღინიშნა ზეწოლისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მედიის თავისუფლების განმტკიცებისკენ მიმართული ზომების აუცილებლობა.

ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების ალბათ ყველაზე ნათელი დემონსტრირებაა ჩვენი მტკიცე, ერთობლივი გადაწყვეტილება, ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან დაკავშირებით. მხოლოდ გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა 80 ქართველი ახალგაზრდა. ისინი ცხოვრობდნენ ამერიკულ ოჯახებში და სწავლობდნენ ჩვენს სკოლებში მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

გარდა ამისა, საქართველოში გვაქვს შესანიშნავი ამერიკული კუთხეები, ბათუმის ამერიკული კუთხის ჩათვლით, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

როგორც ერთ დროს Muskie-ს პროგრამის სტიპენდიანტი, პრემიერ-მინისტრი კარგად აცნობიერებს ადამიანებს შორის ასეთი კონტაქტების ფასს.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ფულბრაიტის პროგრამის თანადაფინანსებას, რის შედეგადაც, გაორმაგდება ამერიკის სასწავლებლებში ქართველი სტიპენდიანტების რიცხვი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის სფეროში ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვიზიტით ვიმყოფებოდი, სადაც პატივი მქონდა, შევხვედროდი ფინანსთა, გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ეს ადამიანები, თავის დროზე, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდნენ განათლების მისაღებად. შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ბევრი საგარეო საქმეთა თუ სხვა უწყებათა მინისტრი, რომლებსაც უთქვამთ ჩემთვის, რომ წლებმა, რომლებიც მათ განათლების მისაღებად გაატარეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში, უზრუნველყო მათი საგარეო პოლიტიკის უმტკიცესი საფუძველი.

ძვირფასო მეგობრებო,

რომ შევაჯამოთ, ჩვენი ქვეყნები - საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არიან მჭიდრო პარტნიორები და ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ბევრ ფრონტზე ვთანამშრომლობთ. ყველა მოუთმენლად ველით ვარშავაში ნატოს სამიტში მონაწილეობას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ გულუხვი მასპინძლობისთვის თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. თქვენთან ერთად, სიამოვნებით ვუპასუხებ პრესის წარმომადგენელთა კითხვებს.

 

კითხვა-პასუხი:

კითხვა - AFP, დევიდ კლარკი - ბატონო მდივანო, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

უკაცრავად, რომ დროებით თქვენი ყურადღება საქართველოს საკითხიდან გადამაქვს - სირიის არმიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რამადანის დასასრულის აღსანიშნავად, ცეცხლის 72 საათით შეწყვეტის შესახებ. ეს საკმარისია, თუ უნდა არსებობდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უფრო ხანგრძლივი გადაწყვეტილება? იყო თუ არა ეს თქვენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან უკანასკნელი სატელეფონო საუბრის თემა? ეს ISSG ინტერვენციის შედეგია თუ თავად სირიის დამოუკიდებელი ინიციატივა? დიდი მადლობა.

ჯონ კერი - ჩვენ გულწრფელად მივესალმებით სირიის არმიის მიერ 72-საათიანი სიმშვიდის პერიოდის გამოცხადებას რამადანის დასასრულის პატივსაცემად და აღსანიშნავად. იმედს ვიტოვებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ყველა მხარე სცემს პატივს და თავს შეიკავებს. ეს არის გაცხოველებული კამათის თემა ISSG/ცეცხლის შეწყვეტის ოპერატიული რაზმის შიგნით ჟენევასა და ომანში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ამ დისკუსიის შედეგია. ჩვენ ამ ეტაპზეც ჩართულნი ვართ მრავალ მხარესთან, მათ შორის, რუსეთთან მიმდინარე დისკუსიაში, ამის გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. არის თუ არა ეს 72 საათი საკმარისი? პასუხი ძალიან მარტივია - არა. არის თუ არა 72 საათი არაფერზე უკეთესი? - პასუხია დიახ. თუმცა, ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ამჟამინდელი დისკუსია გადაიზარდოს კონფლიქტის ხანგრძლივ, ნამდვილ, აღსრულებად, ანგარიშვალდებულ შეწყვეტაში, რომელიც, იმედია, შეცვლის ადგილზე მოვლენების განვითარების დინამიკას და ხელს შეუწყობს ჟენევაში ლეგიტიმურ დიალოგს ტრანზიციისა და პოლიტიკური გამოსავლის საპოვნელად. მე თავს შევიკავებ კონკრეტული შეფასებებისგან იმის თაობაზე, თუ რამდენად განხორციელებადია მოვლენების ამგვარი განვითარება. თუმცა ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს 72 საათი გზას გაუკვალავს შემდეგ შესაძლებლობებს.

 

კითხვა - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლევან კვატაშიძე - მოგესალმებით, ჩემი შეკითხვა ეხება ნატო-ს ვარშავის სამიტს და ბატონო სახელმწიფო მდივანო, ეს კითხვა სწორედ თქვენთან მექნება. მაინტერესებს, როდესაც უკვე ოფიციალურად არის მოლოდინი ამ სამიტთან დაკავშირებით, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა იქნება ამ სამიტიდან, რას უნდა ელოდოს ოფიციალური თბილისი, იმ ფონზე, როდესაც, პრაქტიკულად ვიცით, რომ MAP-ის მოლოდინი აღარ არის. ანუ, როგორი იქნება აშშ-ის, როგორც სტრატეგიული ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერა, საქართველოს მიმართ, რადგან ერთია მხარდასაჭერი განცხადებები და მეორე, ნატო-ს წევრი სკეპტიკოსი ქვეყნების პოზიციები. კონკრეტულად მაინტერესებს, რა იქნება ის მაქსიმუმი, რაც უნდა მიიღოს ქვეყანამ ამ სამიტიდან. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კითხვას დავსვამ იმ მემორანდუმზე, რომელიც გაფორმდა. ამ მემორანდუმის შემდეგ, რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ვგულისხმობ თავდაცვისუნარიანობას. ბატონო პრემიერო, იქნებ, ამ კითხვაზე თქვენც გვიპასუხოთ.

ჯონ კერი - დიდი მადლობა ძალიან ლეგიტიმური და შესაფერისი კითხვისთვის. ნება მომეცით, დავიწყო იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკისა და როგორც მოკავშირეებმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დეკლარაციის სახით დაადგინეს, საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. ჩვენ ამ განცხადების ერთგულნი ვართ. NATO-ს სამიტებზე გავერთიანდით მოკავშირე-სახელმწიფოებთან ჩიკაგოსა და უელსში და კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს ამ განცხადებას, რათა დავადასტუროთ ჩვენი მზაობა იმის მიმართ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გვქონდა პროცესის შეფერხების მიზეზები. მე მგონი, არავისთვისაა გაუგებარი, თუ რამდენი რამ ხდება ამჟამად უკრაინაში, სირიაში, ზოგადად, რეგიონში - სახეზეა უამრავი გამოწვევა და ზოგიერთ სახელმწიფოს სურს, გაზომოს მიღწეული შედეგი არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში მანამ, ვიდრე საკუთარ თავზე უფრო დიდ პასუხისმგებლობას აიღებს. თუმცა, საქართველომ უკვე დაადასტურა, რომ NATO-ს პარტნიორია. საქართველოს მოსახლეობა დადებითად უნდა უყურებდეს იმას, რამდენს მიაღწია საქართველომ და რას აკეთებს იგი ახლა. საქართველო NATO-ს ამჟამინდელი ოპერაციების ფასეული კონტრიბუტორია. საქართველო წარმოდგენილი იქნება სამიტზე. ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე სამხედროების რაოდენობის კუთხით, საქართველო უკვე არის NATO-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა. ჩვენ, ისევე როგორც NATO-ს ყველა დანარჩენი წევრი-სახელმწიფო, პატივს ვცემთ ქართველი ერის მიერ გაღებულ უპრეცედენტო მსხვერპლს. ასე რომ, ამ ეტაპს სასოწარკვეთის ან შეფერხების მომენტად კი არა, განვითარების, წინსვლის პროცესად ჩავთვლიდი, რომლის მანძილზე იზრდება ნდობა და დგება შესაბამისი დრო საბოლოო ნაბიჯების გადასადგმელად.

მემორანდუმი, რომელსაც დღეს, ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ, ხელს შეუწყობს თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენასა და გაიზრდება საქართველოს სამხედრო ძალების თავსებადობა, მდგრადობა და განლაგების უნარი, ასევე მისი შესაძლებლობა, ითანამშრომლოს NATO-ს სხვა ძალებთან. ის ხელს შეუწყობს განათლებასა და წვრთნას, ოპერაციული და ტექნიკური თანამშრომლების გაცვლას, ჩვენს შორის მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით; დაეხმარება თავდაცვითი მმართველობის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და ხელს შეუწყობს NATO-ს სტანდარტების შემდეგი იმპლემენტაციისათვის მომზადებას; იგი მოიცავს ერთობლივი და კომბინირებული წვრთნების შესაძლებლობას, გამოცდილების გაცვლისა და იმ მიზნით, რომ დაეხმაროს, გაამარტივოს საქართველოს მიერ NATO-სა და შესაბამისი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა; იგი მიმართული იქნება საზღვრის დაცვისა და საზღვაო, ასევე საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისკენ; გაიზრდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული წვრთნები და ტრენინგები; ხელს შეუწყობს უსაფრთხოების კუთხით მენეჯმენტის განხორციელებას ამ და სხვა ლოკაციებზე. ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ მრავლისმომცველი საკითხია, ბევრი რამ ხდება, რათა შესაძლებელი გახდეს აბსოლუტურად უნაკლო თანამშრომლობა NATO-ს ძალებსა და საქართველოს დანაყოფებს შორის. ეს ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება - სრული წევრობისა და სრული მონაწილეობის თავისებურებების გათვალისწინებით.

გიორგი კვირიკაშვილი - დიდი მადლობა, შეკითხვის პასუხად გეტყვით, რომ რაც შეეხება ნატო-ს, როგორც ბატონმა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე არის ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ სამიტზე ველოდებით იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე. პირველად, ნატო-ს ისტორიაში და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში, ჩატარდება ნატო-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მიიღებს ნატოს წევრი ქვეყნების და საქართველოს ერთობლივ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ამ სამიტის შემდეგ იქნება ნამდვილად უფრო მეტად დაცული, სამხედრო თანამშრომლობის იმ კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს არსებითი პაკეტი ითვალისწინებს. მას დაემატება თანამშრომლობის დამატებითი კომპონენტები. მთლიანობაში, დავეთანხმები ბატონ სახელმწიფო მდივანს, რომ ნატოში ინტეგრაცია არის განუწყვეტელი ცვლილებების, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რეფორმების პროცესი; ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს პროცესი ნატო-ს წევრობით დაგვირგვინდება, რაც საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს იმ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაფართოებას ითვალისწინებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას, მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად; ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დადასტურებას. დიდი მადლობა შეკითხვისთვის.