გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციას მიესალმა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება ამერიკის კონგრესში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართა კონგრესმენმა ტედ პომ, რომელიც მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობს და კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) წევრებს მიმართა.მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, კერძოდ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერა, რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენელია და ის ნამდვილად იმსახურებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრობას. ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი და ამ მისწრაფებების რეალიზაციის გზაზე ჩვენ სწორედ ამერიკელი პარტნიორების იმედი გვაქვს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის, და კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საზღვრების დაცვის, ოკუპაციისა და ანექსიის აღკვეთის თვალსაზრისით.

„აშშ კონგრესმა წამყვანი როლი უნდა შეასრულოს რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ამასთან, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერასთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას, საქართველო კი მზადაა იქცეს ამერიკის ბიზნესინტერსების გამტარ არხად რეგიონში“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან აშშ-სა და საქართველოს შორის დაწყებულ მაღალი დონის სავაჭრო დიალოგსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც რეგიონის ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარება სთავაზობს.

თავისი გამოსვლის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის კონგრესის ერთიანი ძალისხმევა შესაძლებელს გახდის რუსეთის აგრესიის შეჩერებას, ხოლო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.