გიორგი კვირიკაშვილი „აქსის თაუერსის“ პრეზენტაციას დაესწრო

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, 7 წლის მანძილზე შეჩერებული „აქსის თაუერსის“ პროექტი განახლდა. პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება 83 მილიონი დოლარია, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ და კომპანია „აქსისი“ თანაბარი წილებით მონაწილეობენ.

„აქსის თაუერსის“ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა კომპანია „აქსისის“ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ,,აქსის თაუერსის“ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში.

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი შუშის, ხოლო მეორე-ქვის კონსტრუქცია იქნება. "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობა იქნება, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 94,000 მ² შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას 500-მდე ავტომანქანაზე. "აქსის თაუერსის" შუშის კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ამავე კოშკში იფუნქციონირებს A-კლასის ბიზნეს ცენტრი, 15,000 მ² საოფისე ფართით. "ქვის კოშკში განთავსდება 15,000 მ² საცხოვრებელი ბინები.