გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს საგარეო მდივანს ფილიპ ჰამონდს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისთვის  და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის განვითარებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა ხელშესახები პროგრესი ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  აღინიშნა, რომ რეგიონში განვითარებული პროცესების პარალელურად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავ რჩება ევროპელი პარტნიორების ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დღის წესრიგში.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველომ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის  ძალისხმევაში გააძლიეროს გლობალური ანტიტერორისტული კამპანია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონს ვიზიტით 29-30 ნოემბერს ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული დიალოგის „უორდროპის დიალოგის“ მეორე შეხვედრის დასკვნით სესიაში.