გიორგი კვირიკაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა

ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკა, საკუთრივ კი ის განცხადება, რომელიც ხიდაშელმა ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს უნდა ელოდოს.

„რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე. ეს მოვლენა იყო გმირობის მაგალითი მაშინ, საბჭოთა კავშირის ერების არაერთი წარმომადგენლისა და ის ისეთივე ხელშეუხებელი და ისეთივე საამაყოა, როგორც ძალიან ბევრი ასეთი გმირობა მრავალი ერის ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ მე არა მგონია, რომ თინას ასეთი რამ ეთქვას. ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა მრავალი ერი. 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. ეს გმირობის მაგალითები, როგორიც იყო კონკრეტულად ლენინგრადის ბლოკადა, არის საამაყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ერებს წარმოვადგენთ დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.