გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს შეხვდა

2015 წლის 13 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს -  ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს.

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ თემებსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, ასევე  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.