გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს და ფედერიკა მოგერინის შეხვდება

2015 წლის 7-9 ოქტომბერს იგეგმება საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში. ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისათვის მზადება და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირში. კერძოდ გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ სალბერს და ევროკიმისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს.

ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა. აგრეთვე, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა.

ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსთან.

მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან.