გიორგი კვირიკაშვილი: „მადლობა ლატვიას მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ევროპასთან ერთად იწერება საქართველოს ახალი ისტორია“

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ლატვიას ქართველი ხალხის სახელით, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო იღებს ლატვიისგან უმნიშვნელოვანეს პერიოდში - როცა ხდება საქართველოს ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტთან, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართვლოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ დიცის მონახულებისთვის. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სრულად იზიარებს საქართველოს სამთავრობო სტრატეგიას რაც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას „ეს პრობლემა რომელიც საქართველოს აქვს, ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მეგობრებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ  იმ  სტრატეგიასა და პროექტებზე, რაც მთავრობას გააჩნია ამ მიმართულებით, კერძოდ იმისათვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს. ქართველებსა და ოსებს შორის მოხდეს ნდობის აღდგენა. მოხარული ვარ რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის სრული თანხმობა აღნიშნული სტრატეგიის მიმართ“-  განაცხადა კვირიკაშვილმა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ  ლატვიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალზედ ნაყოფიერად და წარმატებით ვითარდება. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დინამიური იყო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რომელთა დროს როგორც სხვადასხვა უწყებას, ისე რეგიონს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სრულად უნდა იქნას ათვისებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რასაც ხელს შეუწყობს როგორც უახლოს მომავალში დაგეგმილი მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, ისე ბიზნესებს შორის გააქტიურებული კონტაქტები.
 
მინისტრებმა ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რომელშიც ლატვია ასევე არის ჩართული. 
 
ედგარს რინკევიჩსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. იგი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სადაც ეწვევა სოფელ დიცის საბავშვო ბაღს, რომელიც ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით აღიჭურვა. ლატვიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან ლატვიის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილ მიღებას.