გიორგი კვირიკაშვილი: „სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასკუალე ვალენტინის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა, სან-მარინოელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ  სან-მარინოსთან კავშირების დამყარებას, სან-მარინოს მთავრობა კი საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მსურს, ბატონ მინისტრს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულში, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ  სხვადასხვა დონეზე კავშირების დამყარებას, სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და რეგიონში შექმნილი ვითარება.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური თანამშრომლობით მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით  სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი 2015 წლის 20 ნოემბერს ეწვია.