გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსახსოვრა სიმბოლური საჩუქარი - ხომალდი, ჩინური წარწერით „კეთილდღეობა“ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში წარმატებისა და წინსვლის სიმბოლოა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინს, რომელიც საქართველოში ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მსახურობდა, საქმიანობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება.