გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლის 59-ე წლისთავი მიულოცა

21 ოქტომბერს, საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით 1956 წლის უნგრეთის რევოლუციისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის 59–ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება გაიმართა. საქართველოში უნგრეთის საელჩოს შენობაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი პოლიტიკოსები დაესწრნენ. 

მიღება საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. უნგრეთის ელჩმა, შანდორ საბომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა 1956 წელს უნგრეთში მომხდარი რევოლუცია საბჭოთა კავშირის სისტემის წინააღმდეგ. შანდორ საბომ აღნიშნა, რომ ისტორიული გამოცდილება, უნგრელი და ქართველი ხალხების ურთიერთსიმპათია ხელს უწყობს საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე საქართველოს მისწრაფებებს ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან უნგრელ ხალხსა და უნგრეთის მთავრობას მიულოცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლისთავი და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს. 

„უნგრეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ჩვენი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს კი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ​