დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

2015 წლის  16 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ, მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოსაზრებების გაზიარება კონფლიქტის ტრანსფორმირებისა და მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში.

დავით დონდუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სპეციფიკა, მიზანი და აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების ამოცანები, მოკლედ მიმოიხილა 2014 წლის 9-10 დეკემბერს გამართული 30-ე რაუნდის შედეგები. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადების კონტექსტში.

შეხვედრის ბოლოს დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დარეგულირებაში ომით გაყოფილი საზოგადოებების გამთლიანების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა როლზე.