დავით დონდუა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის  დელეგაციას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამალებული მილიტარიზაციის გამო, რომელიც ე.წ. ინტეგრაციის შესახებ „ხელშეკრულებების“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.
 
მხარეებმა მიმოიხილეს 8-9 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის შედეგები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე, როგორიც არის რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება პროგრესის აუცილებლობას.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის მნიშვნელობა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.