დავით დონდუა ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენციაში მონაწილეობს

2015 წლის 23 ივნისს, ვენაში გაიხსნა ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა როგორებიცაა: ეუთო-ს ეფექტურობის გაზრდა ადრეული გაფრთხილების, მედიაციის, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების გადაწყვეტის და პოსტ-კონფლიქტის რეაბილიტაციის ფაზებში, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების მიერ არსებულ კონფლიქტებში ეუთო-ს ნორმების, პრინციპების და ვალდებულებების შესრულება, ტრანსნაციონალური საფრთხეები, შეიარაღებაზე კონტროლი.

ღონისძიების პირველი დღეს გაიმართა სპეციალური სესია, რომელიც მიეძღვნა უკრაინაში კრიზისს. სესიის ფარგლებში განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელმაც თავის გამოსვლაში დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით და დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია. მან მოუწოდა რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს საერთაშორისო, მათ შორის მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. თავის გამოსვლაში, დავით დონდუამ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, რომ მოყოლოდა სათანადო რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, შესაძლებელია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი თავიდან ყოფილიყო აცილებული.

დავით დონდუამ ასევე ისაუბრა ეუთო-ს როლზე უკრაინის კრიზისთან მიმართებაში და მადლობა გადაუხადა უკრაინაში ეუთო-ს მონიტორინგის სპეციალურ მისიას თავდაუზოგავი სამსახურისთვის.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ში ევროკავშირის დელეგაციისა და კონფერენციაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

კონფერენცია კიდევ ორ დღეს გასტანს.