დავით დონდუა საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების განხორციელების პერსპექტივები. გამოითქვა კმაყოფილება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებულ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს. ჩინეთის ელჩმა დაადასტურა, ოფიციალური პეკინის მზადყოფნა 2015 წელს თბილისში დაგეგმილ "აბრეშუმის გზის ფორუმში" მაღალი დონის ჩინური მხარის მონაწილეობის თაობაზე, ისევე როგორც ჩინური მხარის მზადყოფნის შესახებ გაიცვალოს უმაღლესი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თანამშრომლობას მრავალმხრივი ფორმატების, მათ შორის, გაეროს ფარგლებში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების განუხრელი დაცვის საფუძველზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ კონსულტაციები სხვადასხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ინტერესის საკითხებზე.

ჩინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, ოფიციალური პეკინის ურყევ პოზიციას, საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ.