დავით ზალკალიანი BSEC-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო

23.09.2016 ნიუ იორკი BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყნის სერბეთის რესპუბლიკის ინიციატივით გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრო.

შეხვედრაზე განხილული იქნა სერბეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, რომლებიც უკავშირდება 2017 წელს სტამბულში სამიტის ჩატარებასა და ასევე მომავალ წელს ორგანიზაციის დაარსებიდან 25-ე წლისთავის ღირსეულად აღნიშვნის საკითხებს.

დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში კოლეგებს გააცნო საქართველოს მიერ ეკონომიკური აღმშენებლობისა და რეგიონული თანამშრომლობის მხრივ გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის გეგმები მასშტაბური სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ აღნიშნული პროგრესის მიღწევას რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემების ფონზე, რაც გამოწვეულია რეგიონის ქვეყნებში არსებული კონფლიქტებით.