დავით ზალკალიანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილა

19.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სირიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და განიხილეს საქართველოს ჩართულობა სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესში.
 
ნილს სკოტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სირიის კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს სირიის მოსახლეობას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ამ საკითხში გაერო-ს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის საკითხები.