დავით ჯალაღანიას საჯარო ლექცია ესტონელი სტუდენტებისათვის

2016 წლის 27 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ტალინში მდებარე გამოყენებითი მეცნიერებების კერძო უნივერსიტეტის „ევროაკადემიის“ სტუდენტებს შეხვდა. „ევროაკადემიის“ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის 25 სტუდენტი საქართველოს სასწავლო ტურის ფარგლებში ესტუმრა.

დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს მრავალი წელია მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ასევე მაღალია ესტონელ სტუდენტებს შორის.

მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიღწეული პროგრესი, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ლექცია, დასრულების შემდეგ, წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დავით ჯალაღანიამ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, რომლებმაც, თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს გაუზიარეს სასწავლო ტურის ფარგლებში გამართული ღონისძიებებისა და შეხვედრების შედეგები და მიღებული პოზიტიური შთაბეჭდილებები.