დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ტურნე ლათინური ამერიკის ქვეყნებში

22-26 ივნისს თამარ ბერუჩაშვილი არგენტინას, ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სამივე ქვეყანასთან ხელს მოაწერს ორდინალური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

არგენტინაში პირველ შეხვედრებს თამარ ბერუჩაშვილი გამართავს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან და საგარეო საქმეთა და კულტთა მინისტრთან ექტორ ტიმერთან.

გარდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებისა არგენტინა და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე. როგორც ცნობილია ლათიმური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია როგორც რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ, ისე პოლიტიკური სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისაკენ.